ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი, ნიკა წულეისკრი ამბობს, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთხელ იყო ნასამართლევი. უფლებადამცველის თქმითვე, ნემსიწვერიძე არ იღებდა მონაწილეობას ციხის ბუნტში.
"ჩემი მეგობარი იყო, საკმაოდ კარგად ვიცნობდი, ნასამართლევი იყო ერთხელ. სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, სადაც ცნეს, რომ უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხისბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ", - ამბობს ნიკა წულეისკრი
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
სამართალდამცავებმა ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიცია თვითმხილველებსაც კითხავს. გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დანაშაული დღეს, 23 ოქტომბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს, მას ხელში თავადაც იარაღი ეჭია.