არჩევნებამდე 5 დღით ადრე ხელისუფლებამ მცხეთაში ტაქსის მძღოლების ხმების 100 ლარად მოსყიდვა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენებს დაავალა.
სოფელ მუხრანის მაცხოვრებელი, რომელიც "მთავარ არხს" დაუკავშირდა, ამბობს, რომ მცხეთაში ბიზნესმენი დავით ზეიკიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და შტაბის წევრია, ტაქსის მძღოლებს მათი და მათი ოჯახების ხმების სანაცვლოდ 100-100 ლარს ურიგებდა.
"ბატონი დავით ზეიკიძე, მუხრანში ტაქსის მძღოლებს ურიგებდა 100-100 ლარს, იმის გამო, რომ ხმა მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". ზუსტად ვიცი, რომ წავიდა თავის მაღაზიაში, ცენტრში აქვს მაღაზია და იქ დაიბარა ტაქსის მძღოლები ფულის მისაცემად, 15-16 კაცი მაინც იქნებოდა "- ამბობს მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას, სოფელ მუხრაანის მაცხოვრებელი.
სოფელ მუხრანის მკვიდრის ცნობით, ის მოსყიდვის ფაქტს მეგობრის ოჯახში თავადაც შეესწრო და არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები თანხას არა მარტო ტაქსის მძღოლებს, არამედ სხვა ადამიანებსაც ურიგებდეს.
აქვე შეგახსენებთ, ქართული ოცნება არჩევნებზე გავლენის მოხდენას რეგიონებში ძალოვანების ჩართვით ცდილობდა - სპეცოპერაცია მთავარმა არხმა გამოააშკარავა.