"ოცნების" აგიტატორებად გადაქცეული ძალოვანი უწყებები - ოპოზიციის შეფასებები "მთავარის" სიუჟეტზე

გამოქვეყნდა:

“მთავარი არხის" მიერ გასაჯაროვებული წინასაარჩევნო სქემა ოპოზიციისთვის დასტურია, რომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშლილი და პოლიტიზირებულია. 

"მაგალითად, ისანში არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი აღარ არის პოლიციელი და ყველა გაშვებულია რეგიონებში "ოცნების" აგიტატორად. პარტია ავალდებულებს ამ ადამიანებს, რომ დაეხმარონ ხელისუფლებას და ხშირად ეს იძულებითაც ხდება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე. 

ამასთან, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საარჩევნო პროცესში სუსის ჩართვა "ოცნების" ხელწერა, რომელსაც გასული წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც მიმართავდა. 

"ქართული ოცნება" ასეთ სქემებს იყენებდა წინა არჩევნებზეც, თუმცა ამჯერად მმართველი გუნდი სასოწარკვეთილია. რა მექანიზმსაც არ უნდა მიმართოს ივანიშვილმა, ის ვერ შეძლებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე გავლენის მოხდენას", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

გარდა ამისა, ოპოზიციის წევრებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ძალოვანი უწყებები აგიტატორებად არიან გადაქცეულები და ამას "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ჩანაწერებიც ადასტურებს. 

ცნობისთვის, "მთავარი არხის" მიერ გამოააშკარავებულ წინასაარჩევნო სქემას, რომლის მიხედვითაც, ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი, შსს-ც ეხმაურება. უწყება ამ სიუჟეტს მიზანიმართულ დისკრედიტაციად აფასებს, მას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალურია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი