ხმაური ბიუროს სხდომაზე - ოპოზიციონერები გადასატანი ყუთების სერვისს ეჭვქვეშ აყენებენ

გამოქვეყნდა:

ხმაური დღევანდელ ბიუროს სხდომაზე - "ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა ცესკოს 45-ე დადგენილება გააპროტესტეს, რომელიც სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს.

ოპოზიციონერებისთვის ბუნდოვანია, როგორ იქნება დაცული თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო ხმები და ვინ უზრუნველყოფს მათ არჩევნებში მონაწილეობას.

"10 ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე დარჩა - ასეთმა დეორგანიზებულმა ცესკომ როგორ უნდა შეძლოს არჩევნების მოწესრიგება?", - ამბობს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი. 

თავის მხრივ, "ოცნების" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ოპოზიციონერთა კითხვებს უსაფუძვლო უწოდა. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა კი, ელენე ხოშტარიამ, ექსპერიმენტის სახით გადაამოწმა, რამდენად ქმედუნარიანია ცესკოს ცხელი ხაზი, რათა თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა გადასატანი ყუთები მოითხოვონ: "რეგისტრაცია შეფერხებებით მიმდინარეობს, პრაქტიკულად შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება" - ამბობს ხოშტარია. ამასთან, ოპოზიციონერი ეჭვობს, რომ სარჩევნო კომისიამ, შესაძლოა, მხოლოდ ის ხალხი დაარეგისტრიროს, რომლებიც "ოცნების" სავარაუდო მხარდამჭერები არიან. 

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 45-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარებში ამომრჩეველთა ხმის მიცემის წესები ოპოზიციამ 23 ოქტომბერს გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებს გადასატანი ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ. შესაბამის მომსახურებაზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი