ცენტრალური საარჩევნო კომისიის 45-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარებში ამომრჩეველთა ხმის მიცემის წესები ოპოზიციამ გაასაჩივრა.
პოლიტიკურ პარტიებს აეჭვებთ პროცესი, როგორ შედგება სიები და ვინ გააკონტროლებს ხმის კანონის დაცვას.
"საკუთარ მარცხში დარწმუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კორონა-პანდემია გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. უკანასკნელ დღეებში "ცესკო" ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ახალ დადგენილებებს, რომელიც ქმნის პირობებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომფორტულად გააყალბოს საპარლამენტო არჩევნები და დაწეროს ის შედეგები, რაც დაკვეთილია მათთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ და წაართვას ქართველ ხალხს უფლება, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.
"გაერთიანებული ოპოზიციის" საარჩევნო სიის წევრი, თამარ კორძაია, ამბობს, რომ ბუნდოვანია, კონკრეტულ დღეს რომელ უბანზე რამდენი ადამიანი იქნება თვითიზოლაციაში. ამასთან, "ცესკოს" თავმჯდომარის განკარგულება ჯერ გამოქვეყნებული არ არის და, შესაბამისად, ოპოზიციის წევრები ინფორმირებულები არ არის.
"პროცესი მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ და უკანონოდ. დადგენილების მე-6 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია სპეცუბნებზე ხმის უბნების და დათვლის პროცედურა, ძალიან ბევრ საეჭვო ვითარებას ქმნის", - ამბობს თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებს გადასატაი ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.