ახალგაზრდა ლეიბორისტების მიერ ცესკოს შენობასთან მოწყობილი აქციის დროს დაკავებული სამივე პირი თავისუფალია - ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ახალგაზრდა ლეიბორისტები ცესკოსთან აპროტესტებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადის ამოწურვას იმ პირებისთვის, ვინც თვითიზიოლაციასა და კარანტინში იმყოფება.
დაახლოებით სამი საათის წინ დაწყებული აქცია ხმაურსა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა ჟვანია მათთან არ გამოვიდა, შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, ხოლო სამი პირი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ლეიბორისტთა ლიდერი ბექა ნათელაშვილი "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ეკა კვესიტაძეს ჩაერთო და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა, ასევე, განაცხადა, რომ ათასობით ადამიანისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევის საშუალებას ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ და აქციებს კვლავაც გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, ცესკოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნისთვის რეგისტრაციის ვადა თვითიზოლაციასა და კარანტინში მოყოფი ამომრჩევლისთვის 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე იყო, შემდეგ კი საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს დრო 27 ოქტომბრის 14 საათამდე გადასწია. ამ დროისათვის ყველანაირი ვადა უკვე ამოწურულია და, შესაძლოა, ათასობით ადამიანმა ხმის მიცემა ვერ შეძლოს იმის გამო, რომ რეგისტრაცია ვერ მოასწრო.