ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პოლიციელი კობა გუჯეჯიანი მოქალაქე გელა სიჭინავას ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მოხდა.
მანქანის ხელოსანსა და კლიენტს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ ადგილზე საქმის გასარჩევად უკვე 5 ადამიანი მივიდა, მათ შორის იყო პატრულის მოქმედი თანამშრომელი კობა გუჯეჯიანიც.
პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს პოლიციელი გუჯეჯიანი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. მოქალაქე გელა სიჭინავას კი საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.