
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.
სავარაუდო ინფორმაციით, ნასროლია გაზის ბალონი. დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია ინვენტარი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაშავებული არავინაა.
ადგილობრივების თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა თანხა წაიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა და გატეხილი ბანკომატიდან თანხაც არ არის წაღებული.
"ჩვენ წლების განმავლობაში ვიყენებთ ცენტრალურ გათბობას რომელიც გაზის გამათბობელთან არის დაკავშირებული, ჩემი ინფორმაციით, მე როგორც ვიცი და მჯერა ეს იყო გაზის გაჟონვა, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩასარიცხი აპარატიც და ბანკის თანხაც, ბანკომატი არის აფეთქების შედეგად გატეხილი და თანხა არ არის წაღებული" - ამბობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ია გულიაშვილი