მოსახლეობის ნაწილი - ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები - 31 ოქტომბერს ხმის მიცემას ვერ შეძლებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცესკოს გადასატანი ყუთის სიაში უამრავი ადამიანი იმის გამო ვერ მოხვდა, რომ შეზღუდულ ვადებში ცხელ ხაზზე სპეციალურ სამსახურთან დაკავშირება ვერ შეძლო.
"დავკარგე კონსტიტუციური უფლება, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მაქვს. თანაც ახლა, როდესაც ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია", - ამბობს აქტივისტი, ბექა კოკაია.
არასამთავრობო სექტორი მოუწესრიგებელ სისტემაში სახელმწიფოსთან ერთად ცესკოს ადანაშაულებს.
"საარჩევნო კომისიის ცხელმა ხაზმა ვერ უზრუნველყო ადამიანების კონსტიტუციური უფლების შენარჩუნება და დაცვა. ეს მაშინ, როდესაც ცესკო უნდა იყოს გარანტი, რომ ყველა ამომრჩეველს შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა", - თქვა სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ თევზაძემ.
შეგახსენებთ, ცესკოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა თვითიზოლაციასა და კარანტინში მოყოფებისთვის 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე იყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს დრო რამდენიმე საათით გაახანგრძლივა და 27 ოქტომბრის 14 საათამდე გადაწია.
ამ დროისათვის ყველანაირი ვადა უკვე ამოწურულია.