კლინიკები საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ექიმების ნაწილი გეგმიურ ოპერაციებს აღარ აკეთებს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილება მედპერსონალმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბოლო ბრძანებულება გამოიცა.
ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სამედიცინო მიმართულებებს დაფინანსება შეუმცირდებათ. სახელმწიფოს თანხა კი ოპერაციის მინიმალურ დანახარჯებსაც არ ყოფნის.
ექიმებისთვის ხელფასების გაცემის დაგვიანებამ სამედიცინო სფეროში კრიზისი უკვე შექმნა. საავადმყოფოების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების შემცირებით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და იძულებულები იქნებიან, თანხის სიმცირის გამო ექიმები ან გაუშვან ან ხელფასები გაუნახევრონ.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კლინიკები რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, არ დაობენ ჯანდაცვის ექსპერტები. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგი კიდევ უფრო საგანგაშოა და შესაძლოა, უსამსახუროდ დარჩენილი უამრავი ექიმები ვნახოთ. სამედიცინო პერსონალი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის უწყებამ დადგენილება სამედიცინო სფეროს გასანადგურებლად გამოსცა.
ექიმები მინისტრის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. თუკი ეკატერინე ტიკარაძე საკუთარ დადგენილებას არ გადაავადებს, მაშინ ექიმები ფართომასშტაბიან პროტესტს გეგმავენ. თეთრი ხალათების ამბოხით ჯანდაცვის მინისტრს შეეცდებიან გააგებინონ, რომ მისი ბოლო, 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სფეროს კლავს.