
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 30 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდეირს, ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
იხილეთ განცხადება სრულად:
"30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მას ხელში ჩაუვარდა "ნაციონალური" მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი ადამიანების სიები, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" 3 წევრს - ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძეს და დიმიტრი შაშკინს - ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი აქტივისტები ჰყავთ მოიბილიზებული. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები კანონის ძალით და განსაკუთრებული სიმკაცრით დაისჯება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, ხვალ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.