მარნეულსა და გარდაბანში ენმ - ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატს აზერ სულეიმანოვს გამარჯვების მოლოდინი აქვს.
სულეიმანოვი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მარნეულში გასამაჯრვებლად ყველა ბინძურ გზას მიმართა, თუმცა სულეიმანოვი ამბობს, რომ "ოცნება" მარნეიულში მაინც დამარცხდება:
"დილის საათებიდან ქართულმა ოცნებამ დაიწყო, მუქარა შანტაჟი, მოსახლეობის მოსყიდვა, 25 წელია პოლიტიკაში ვარ, ესეთი ბინძური არჩევნები მე პირველად ვნახე, ისეთი შანტაჟი იყო მთლიანად მარნეულში და გარდაბანში, ქურდული სამყაროც იყო ჩართული დღეს ამ არჩევნებში, პოლიცია, უშიშროება, ყველანი ქართული ოცნებას დაუდგნენ გვერდში. ჩვენი წარმომადგენლები უბანზე არ შეუშვეს და ცარიელი დარჩა ჩვენი უბნები, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს ბოლომდე, მარნეულში მე მოგებული ვარ, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, ხვალიდან იქნება ახალი ცხოვრება"– ამბობს აზერ სულეიმანოვი.
მარნეულში მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირსიპირებების, ქურდული სამყაროს წევრების მხრიდან მუქარა/მოსყიდვის, ფულისა და ბენზინის ტალონების დარიგების ფაქტები.
დღის მეორე ნახევარში მარნეულში სპეცრაზმიც შეიყვანეს, რაც შსს–მ არჩევნების მშვიდად ჩატარების უზრუნველყოფით ახსნა.