ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები კი დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.
ამ ცვლილებების მიხედვით მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება, 1%-მდე ჩამოიწევს საარჩევნო ბარიერი და ძალაში შემოდის ე.წ. 40% ჩამკეტი ხელისუფლების ფორმირებაზე.
ოპოზიცია კი დღევანდელ ინიცირებას არ დაესრება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მიღწეული შეთანხმება პოლიტპატიმრების თემასაც მოიცავს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, მაშინ შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება.
ოპოზიციაში ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ოცნების“ ინიცირებულ ოლქებთანაც აქვთ პრეტენზია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თბილისში 7-ის ნაცვლად 8 ოლქი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდს არასწორად აქვს ოლქები გადანაწილებული.
სამუშაო არის გასაგრძელებელი, მათ შორის, ოლქებთან დაკავშირებით. უკვე არის მცდელობა ოლქების საკუთარ თავზე მორგების. ღვინის ქურდები გაგვიგონია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა. უნდათ, რომ თბილისი გაყონ 7 ოლქად“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება „ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებს, დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ამბობს, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
ჩემგან არ ექნება მხარდაჭერა იმიტომ, რომ არ ვთვლი, რომ ეს იყო ის მონაპოვარი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ იყო და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს უფრო ვაჭრობას დაემსგავსა, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ოპოზიციის განცხადებები მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ოპონენტების პოზიცია, რომ ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, არარეალურია. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მიღწეული შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. ამას გარდა, „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ მათ პოლიტპატიმრები არ ჰყავთ.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე დღეს 17:00 საათზე უნდა დაარეგისტრიროს.