საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკელი სენატორების მორიგ გაფრთხილებას ოპოზიცია გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორების მხრიდან ეს პირველი ხმამაღალი განაცხადია იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ნამდვილად არსებობენ. სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამ წერილში სენატორები ფაქტიურად პირველად აკეთებენ ძალიან ხმამაღალ განაცხადს იმაზე, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. თუ „ქართულ ოცნებას“ სურდა, რომ ვინმე მოეტყუებინა, რომ არანაირი მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, ამ წერილმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა შეთანხმების რეალური შინაარსი და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ვფიქრობ, რომ დღეს არ რჩება არანაირი სხვა შანსი გარდა იმისა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და რომელიც შეახსენეს მათ კიდევ ერთხელ გუშინ ვაშინგტონიდან, „- განაცხადა სამადაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება.
მადლობის მეტი რა ეთქმის ხელისუფლებას ამერიკელი სენატორების მიმართ. როგორც კი გზიდან აცდენას დააპირებენ, მაშინვე ისინი აბრუნებენ ჭეშმარიტების გზაზე. არ იქნება პოლიტპატიმრების გამოშვება, არ იქნება მშვიდობა,“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას მორიგი გზავნილით მიმართავენ. ისინი „ოცნების“ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდებენ, რომელიც პოლიტპატიმრების ციხიდან გათავისუფლებას ეხება.