არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებულ უზუსტობებსა და მონაცემების გადათვლის ხელახალ საჭიროებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ნეიტრალურმა დამკვირვებლებმა საარჩევნო დღეს დააფიქსირეს ე.წ."კარუსელი", გადაწერილი და გაყალბებული ოქმები, დისბალანსი.
"შედეგების გადათვლა საჭიროა და ის გამჭვირვალედ უნდა მოხდეს, ყველა დაინტერესებული მხრის თანდასწრებით. მივმართავთ სასამართლოსაც და იმედი გვაქვს, რომ ობიექტურად გამოიძიებს საქმეს", - ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე.
თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, ფიქრობს, რომ ცესკო არ უნდა დალოდებოდა ვინმეს შეტანილ საჩივრებს და საკუთარი ინიციატივით უნდა გადაეთვალა ოქმები.
"ცესკოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი მექანიკური შეცდომების ბრალია, რაც, ცხადია, ბადებს არაერთ ეჭვს", - ამბობს ონიანი.
უზუსტობებს ოქმებში "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-იც ეხმიანება. მათი თქმით, აცდენა ფიქსირდება პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებშიც.
ცნობისთვის, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამარ კორძაიამაც, ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოითხოვა.
გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი