ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა კორონავირუსის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 364 ლარი დახარჯა. ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი დაიხარჯა.
"2019 წლის მხოლოდ 9 თვეში პრეზიდენტის ვიზიტებზე 1,35 მილიონი დაიხარჯა. დარჩენილი კვარტლის ხარჯი გაურკვეველია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიუჯეტი შეცდომით ატვირთა", - წერს ორგანიზაცია.
მივლინებების გარდა, ადმინისტრაციის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომომსახურებაზე გადანაწილდა. 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მიზნით ჯამში 173 848 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 125, 07 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 58 441 ლარი დაიხარჯა.
2018 წელთან შედარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 130 000 ლარით არის შემცირებული, რაც ნაწილობრივ იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ავტოპარკის რაოდენობა შემცირდა.
2020 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, საიდანაც თანხის ნახევარი თანამშრომლების ანაზღაურებას მოხმარდა.