
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის შესრულებას ეხმიანება და ამბობს, რომ "მისი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასების დროც დადგა".
განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დროა დავიბრუნოთ ჩვენი ისტორია! ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. მისი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასების დროც დადგა! დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იდეოლოგიის გამოისობით ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერასთან იყო გაიგივებული. მისი უდიდესი მიღწევები სამხედრო თუ სახელმწიფო სფეროში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კი მივიწყებული ან დამახინჯებული, მსგავსად დანარჩენი ჩვენი ისტორიისა. დამოუკიდებელ საქართველოში კი ნაცვლად მისი მოღვაწეობის ხელახალი გადააზრებისა, საბჭოთა პროპაგანდისეული კლიშეების ინერციით გაგრძელდა ამავე ხელმოწერის გამო მისი განუზომელი მემკვიდრეობის უგულებელყოფა.
დროა დავიწყოთ მისი ღვაწლის გახსენება და აღიარება!
დღემდე დაუმსახურებლად პრორუსულად შერაცხული მეფე ერეკლე, რეალურად იყო ევროპული ორიენტირის მქონე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის დაუღალავი მებრძოლი, კავკასიის შემკვრელი და გამაძლიერებელი, რეფორმატორი და განმანათლებელი, ერთდროულად მეომარი და დიპლომატი. დროა დავინახოთ და დავაფასოთ "პატარა კახის" დიდი ნამოღვაწარი", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.