ყველაზე მწვავე ანგარიში და კრიტიკული შეფასებები სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში მიუღია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს და ფაქტობრივად, ანადგურებს „ქართული ოცნების“ მთავრობის იმიჯს.
53-გვერდიან დოკუმენტში 2019 წლის მძიმე და დაძაბული წლის ყველა პრობლემატური მოვლენა მოხვდა - „ოცნების“ ხელისუფლების ის გადაწყვეტილებები, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშალა ხელი. ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი 5-ჯერ არის ნახსენები და თანაც ნეგატიურ კონტექსტში.
განსაკუთრებული ადგილი სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებას ეხება, ტყუილს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება შოკში ჩააგდო.
სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს 20 ივნისის აქციების არაპროპორციული ძალით დაშლისა და საქართველოს მოქალაქეების დარბევის გამო, რომელთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ.
2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის უპრეცედენტო დარღვევებიც მოხვდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ახლდა თან. მათ შორის 600 ათასი ამომრჩევლისთვის სესხის ჩამოწერა და ადმინისტარციული რესურსის გამოყენება, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებსა და სახელმწიფოს შორის საზღვარი თითქმის წაშლილი იყო.
ტროლებისა და ბოტების შეტევა ოპოზიციის ლიდერებისა და ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების წინააღმდეგ ვირტუალური კამპანიები - მაიკ პომპეოს უწყებამ სოციალურ სივრცეში მიმდინარე დეზინფორმაციაც აღწერა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან NDI-ს და IRI-ის წინააღმდეგ თავდასხმაც მოხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება ეთმობა სასამართლოს თემას და ნათქვამია, რომ მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან დაუცველები იყვნენ. აღნიშნულია საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.