
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, Facebook-ზე პოსტს ავრცელებს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, მიმართავს და ეუბნება, რომ მისი სახელი "მურუსიძესავით მეტაფორა გახდა".
"თამარ ჟვანია რად გიღირს ახლა ეს თანამდებობა? რამდენ ათასლარიან პრემია-დანამატად? რამდენ ნაცემ და გაციებულ ადამიანად? ყველგან კორდონებით, ჯებირებით და სპეცრაზმით უნდა იარო? თუ მხოლოდ ირაკლი კობახიძესთან და თეა წულუკიანთან უნდა იძმაკაცო? გახდა შენი სახელი მურუსიძესავით მეტაფორა...", - წერს დოლიძე.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.