შემაჯამებელი ოქმები საჯაროდ განხილონ – ოპოზიციას ცესკოში საჩივრები შეაქვს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია 29 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯმებელ ოქმს, ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში ასაჩივრებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასაჩივრებენ დისბალანსსა და უზუსტობებს შემაჯამებელ ოქმებში, ასევე ცარიელ კონვერტებს, ე.წ. "სომხურ კარუსელს" და ბიულეტინებსა და ამომრჩევლის რაოდენობებს შორის უზუსტობებს. 

"ენმ–გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ოპოზიციის საჩივრების განხილვის გარეშე, ცესკომ შემაჯამებელი ოქმები არ უნდა მიიღოს.

"ყველაზე დიდი დარღვევა რასაც ვასაჩივრებთ ეს არის ის, რომ საერთოდ განუხილველად დაგვიტოვეს საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებმა, შეუძლებელია შემაჯამებელი ოქმები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას იმ საჩივრების განხილვის გარეშე, რაც ჩვენ წარვადგინეთ საოლქო კომისიებში,  ამ საჩივრების განხილვის გარეშე, შემაჯამებელი ოქმები უნდა გაბათილდეს ცესკოს მიერ. გასაჩივრებულია 29 ოლქში, როგორც მაჟორიტარული სისტემით მიღებული არჩევნების შედეგები, ასევე პროპორციულის.", – ამბობს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი და გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ–ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საჩივრებით, დაუბალანსებელ საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით, პროკურატურასაც არაერთხელ მიმართეს, რაზეც რეაგირება არ ყოფილა. ოპოზიციაში ითხოვენ, რომ ცესკომ საარჩევნო ოქმები საჯაროდ, მთელი საქართველოს დასანახად, ონლაინ სივრცეში დაითვალოს.

 "ერთ დღიან ვადაში ცესკოში მოვითხოვთ მოხდეს შემაჯამებელი ოქმების საჯაროდ განხილვა, მათ შორის ონლაინ სივრცეში, რომ მთელმა საქართველომ ნახოს როგორ ყალბდება არჩევნები საქართველოში.", – ამბობს გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყაროს "ენმ"–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ბეჟაშვილი.

ცესკოში არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს "ევროპული საქართველოც".

"ჩვენ საჩივრებში საუბარია გაყალბებულ ხელმოწერებზე, დისბალანსზე, ძალიან ბევრი უბანია სადაც ადგილი აქვს ჩაყრილ ბიულეტინებს, სომხურ კარუსელს, ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ, ვასაბუთებთ და ვასაჩივრებთ არსებულ შედეგებს.",– ამბობს ევროპული საქართველოს იურისტი ანი ჯიქურიძე.

ცნობისთვის, დღეს 6 საათზე დასრულდა ცესკოში საჩივრების წარდგენის ვადა, ხვალ კი ცესკოს ერთი დღე აქვს იმისთვის, რომ გამოაცხადოს დაკმაყოფილდება თუ არა საჩივრები, თუ საჩივრები არ დაკმაყოფილდება ოპოზიციური სპექტრი აპირებს სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცესკოში შემაჯამებელი ოქმების მიღების ბოლო დღე, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მოქალაქეები საარჩევნო ოლქებთან არჩევნების გაყალბებას თბილისსა და რეგიონებში აპროტესტებდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი