საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოცემულ მომენტში, ამის აუცილებლობა არ არის.
გიორგი გახარიას განცხადებით, მასობრივი შეხვედრების შეზღუდვის რეკომენდაცია უკვე გაცემულია, ასევე, შეწყდა სწავლა სასწავლო დაწესებულებებში.
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს, მაგალითად, სკოლაში სწავლის შეჩერებას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და რასაც ეტაპობრივად ვაკეთებთ. ჩათვალეთ, რომ ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ნაწილობრივ უკვე დაწყებული გვაქვს", - აცხადებს გახარია.
თუმცა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, ხვალ ვითარება შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. მანამდე კი, პრემიერის თქმით, სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები უკვე დააწესა.
ამიტომ, იქ, როდესაც მივალთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს სრული ინსტრუმენტების გამოყენება და გარკვეული ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გამოწვევას ვუპასუხოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე. თუ ასეთი აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.