საჭიროა ქალბატონი თამარ ჟვანიაც, იგივე გზაზე დადგეს, რასაც ხაშურის მერი – ნატო ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გორში, ხაშურსა და ქარელში, ნატო ჩხეიძე, გადაცემაში "დღის სტუმარი" ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხაშურის მერს და ასევე, ქარელის მერსაც, დავალებული ჰქონდათ პირველივე ტურში ხაშურისა და ქარელის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფა.

"არა მხოლოდ ხაშურის მერი, არამედ ქარელის მერსაც საკმაოდ რთული პოზიციები აქვს, მათ ჰქონდათ დავალებული, რომ პირველივე ტურში ყოფილიყო გამარჯვებული ივანიშვილის ფავორიტი, ხაშურში და ქარელში, იგივე რაც იყო მთელს საქართველოში, მაგრამ ვერაფრით 51% ვერ დაწერეს და ამიტომ ცხადია, ჯერ ხაშურის მერე შეეწირება ამ საქმეს და მერე ალბათ, ქარელის მერიც, მაგრამ ყველაზე მეტად საჭიროა ქალბატონი თამარ ჟვანიაც, იგივე გზაზე დადგეს, რასაც დაადგა ხაშურის მერი, დაწეროს განცხადება და წავიდეს თავისი დაკავებული თანამდებობიდან."– თქვა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხაშურის მერი, გიორგი გურასპაშვილი, როგორც თავად ამბობს, "სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით"  თანამდებობიდან გადადგა.

მანამდე, 4 ნოემბერს, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ხაშურში, ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და ჩათვალა, რომ გურასპაშვილმა მის სასარგებლოდ არასათანადოდ იმუშავა, ამიტომ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი, გურასპაშვილი სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში "ენმ"–ს მაჟორიტარობის კანდიდატ ნატო ჩხეიძესა და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ზაალ დუგლაძეს შორის, არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური უნდა შედგეს, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს და ისინი არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი