ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს. გიორგი გურასპაშვილის განცხადება ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
გურასპაშვილი წერს, რომ თანამდებობას "სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით" ტოვებს და ამბობს რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება:
სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა უკვე ჩემს გარეშე განაგრძობენ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.
ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც!" წერს გურასპაშვილი
შეგახსენებთ, ხაშურის მერი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სკანდალში გაეხვა. "მთავარ არხის" ინფორმაციით, ის სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს.
შემთხვევა მას შემდგ მოხდა, რაც ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ოცნებიდან", ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და ჩათვალა, რომ გურასპაშვილმა მის სასარგებლოდ არასათანადოდ იმუშავა.
მაშინ ეს ინფორმაცია ყველა მხარემ კატეგორიულად უარყო.