ამ წუთებში ოპოზიცია კიდევ ერთი კონსულტაციისთვის იკრიბება და ხვალინდელი, 14 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო საკითხებს განიხილავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიალოგის დაწყება და მოლაპარაკებები კარგია, თუმცა ის შედეგის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ "ქართული ოცნება" მთავარ დათმობაზე წავა და ახალი არჩევნები ჩატარდება.
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის ეს იქნება მასშტაბური დიდი აქცია რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია და ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას რაც ცესკომ მას დაუწერა", - თქვა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ მოლაპარაკებებზე ძირითადად პოზიციების გაცვლა მიმდინარეობდა და შემდეგ რაუნდზე ისინი ხელისუფლების წინადადებას ელოდებიან.
"არანაირი მოთხოვნა და წინაპირობები ჯერჯერობით ვერც იქნება და არც ვაპირებთ. არ მგონია ხელისუფლება იყოს იმ სიტუაციაში, რომ წინაპირობებს კარნახობდეს, მათ მოიპარეს არჩევნები, მორალური უპირატესობა საზოგადოების ჩვენ მხარესაა, თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და მივაღწევთ არჩევენბს, ბუნებრივია ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს", - თქვა "ერვოპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შეწყვეტენ და მათი მოთხოვნები იგივე რჩება.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია შაბათს, 14 ნოემბერს 3 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.