ოპოზიციამ დღევანდელ, 13 ნოემბრის შეხვედრაზე ხვალინდელი აქციის საორგანიზაცო საკითხები განიხილა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან" კონკრეტულ დათმობებსა და შეთავაზებებს ელოდება.
"დიალოგი რომ დაიწყო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი და არის მნიშვნელოვანი, ახლა მთავარია ის, რა კომპრომისზეა წამსვლელი ხელისუფლება. გუშინ მხარეებმა დაასახელეს პოზიციები, რადიკალურად განსხვავებული და არ ყოფილა მსჯელობა სხვა თემებზე. გადაწყდა, რომ მეორე რაუნდი შედგება და ჩვენ ველოდებით, ხელისუფლებისგან რას უპასუხებს ოპოზიციის მოთხოვნებს", - თქვა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"გირჩის" წევრის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წევრებმა ჩაინიშნეს ოპოზიციური პარტიის შენიშვნები და აიღეს გაკრვეული ვადა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.
"ჩვენ ყველას გვჭირდება ამ კრიზისის განმუხტვა, კრიზისი განიმუხტება მხოლოდ მოლაპარაკებით, გასაგებია, რომ ყველანი მივდივართ მოლაპარაკებისკენ მაგრამ მნიშვნელოვანია ვინ როგორი ზურგით მივა, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შეწყვეტენ და მათი მოთხოვნები იგივე რჩება.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია შაბათს, 14 ნოემბერს 3 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.