ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 6 ბრალდებულის გამამტყუნებელ განაჩენს, გენერალური პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მთავარი საგამოძიებო უწყება წერს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო.
2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამი.
სამართალდამცველებმა ლ.შ., გ. მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს.
ლ.შ.-ს, გ.მ.-ს, ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ.
ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მცხეთის სასამართლომ 6 ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი დრეს გამოუტანა, თუმცა მათი სასჯელის ვადა უცნობია. რამდენ წელს გაატარებენ ციხეში ახალგაზრდები 20 ნოემბერს გაირკვევა:
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, თბილისის პრობაციის ბიუროს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით მიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადება ვრცლად
გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, მტკიცებულებების გარეშე მიიღო.