ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები პირველი გიმნაზიიდან პარლამენტის მიმართულებით მცირე მსვლელობას მართავენ. პარლამენტის წინ კი გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ცოტა ხანში დაიწყება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ერთადერთი რამ, ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს, თუ საზოგადოების პროტესტი იქნება, ჩვენ მივაღწევთ ახალ არჩევნებს, თუ არ იქნება საზოგადოების პროტესტი, მაშინ ის ყველაფერზე უარის იტყვის, მას არ აინტერესებს არც საერთაშორისო აზრი, არც არაფერი, მთავარია საზოგაოდების პროტესტი, რასაც ოპოზიციის ერთსუოვნება ემატება", - თქვა პარტიის ლიდერმა, გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ. პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარტიების და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია უცვლელია.
"ეს თამაშის წესი, რაც ივანიშვილმა შემოგვთავაზა ძალადობით, რომ მე არ ვარ ვალდებული თქვენ წინაშე, სანამ ძალაუფლება მაქვს, მე გადავწყვეტ არჩევნების შემდეგ რა შედეგი დადგება, არის მიუღებელი და არასდროს გახდება მისაღები ჩვენთვის", - თქვა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციას მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.