შეიქმნა ახალი პორტალი, ოჯახის ექიმისა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მოსაძებნად – ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, თქვა, რომ შეიქმნა ახალი პორტალი, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება, პირადი ნომრის ჩაწერის შემდეგ, მოძებნონ თავიანთი ოჯახის ექიმი და კლინიკა, რომელშიც მათ ამბოლატორიული მომსახურების მიღება ეკუთვნით.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალმა პორტალმა 112–ში შემავალი ზარები უნდა განტვირთოს და სასწრაფო დახმარების მოლოდინი უნდა შეამციროს.

"ეს პორტალი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იპოვოს თავისი ოჯახის ექიმი და თავისი პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, ეს განტვირთავს 112–ს იმ მიმართულებით, რომ დღესდღეობით 112–ში შედის ზარი არა მხოლოდ სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადის გამოძახების მიზნით, არამედ ოჯახის ექიმის მოძიების კუთხით. ლოდინის ზარი, რომელსაც თქვენ ხშირად ასახელებდით შეფერხების მიზეზად, 3–4 საათი ვერ ხერხდებოდა 112–თან დაკავშირება, ჩვენ ვთვლით, რომ ამით, ლოდინის პერიოდი მნიშნველოვნად შემცირდება. არის რიგი შემთხვევები, როცა არამიზნობრივად იძახებენ დახმარებას, ეს არის ექიმების კომპეტენცია და ძალიან გთხოვთ დაუტოვოთ თეთრხალათიანებს კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა" – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძემ საწოლ ფონდზე და სასუნთქი აპარატების დროულ მიწოდებაზეც ისაუბრა.

"სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული დღესდღეობით გვყავს 257 პაციენტი, ეს არის ის პაციენტები ვისაც სასუნთქი აპარატი ესაჭიროება, 937–ს ესაჭიროება ჟანგბადი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი. ჩვენ საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან, ჩვენ შევჯერდით, კლინიკები თავიანთ დონეზე გააუმჯობესებენ მენეჯმენტს, რომ მობილიზებული იყოს ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები და სასუნთქი აპარატები, იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. დღეის მდგომარეობით 1040 სასუნთქი აპარატი და 3400–მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი გვაქვს," – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის უწყებაში დამატებით სასუნთქი აპარატების ჩამოსვლასაც ელოდებიან. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი