სასამართლო თემქაზე 13 ნოემბერს მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის უბნის მესამე მიკრო რაონში 36 წლის მიხეილ მელიქიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი, კვალის დამალვის მიზნით, დააზიანეს. თავს გაქცევით უშველა სახლის მეპატრონემ, ლევან შარუბაშვილმა, რომელიც თავდამსხმელმა რამდენიმე ადგილას დაჭრა.
ლევან შარუბაშვილი "მთავართან" საუბრისას 13 ნოემბრის ღამის დეტალებს იხსენებს.
"ნიკა - მკვლელი - მოვიდა ჩემთან სახლში და ჩვეულებრივად მივიღე, როგორც სტუმარი. თქვა, გოგო მომაკითხავსო და საღამოს 10-ის ნახევარზე ეს გოგო გააცილა სახლში. თვითონ სახლში ამობრუნებას აპირებდა. დაახლოებით 20 წუთი იყო გასული მისი შემობრუნებიდან, არც ვიყავი კარგად ჩაძინებული, რომ არაამქვეყნიური ყვირილის ხმა შემომესმა. მივედი და ვნახე, რომ მიშო (მოკლული) სულ სისხლში იყო. ამასობაში ნიკამ მეც ხელი წამავლო და გამომისვა დანა. პოლიცია რომ გამოიძახეს მეზობლებმა, ნიკამ იქაურობას ბენზინი გადაასხა", - ამბობს შარუბაშვილი.
საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ნარიმანიძის ადვოკატი, დავით ახალაური, სისხლიანი გარჩევის მოტივებზე საუბრობს.
"ჩემი კლიენტი ამბობს, რომ დაზარალებულმა მასთან სცადა იძულებით არატრადიციული სქესობრივი კონტაქტი. მას მკვლელობის განზახვა არ ჰქონია და კლიენტის განცხადებით, ის იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში", - ამბობს ახალაური.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: საბა ბუაძე