წლის ბოლომდე სამსახურს 70 000-მდე ადამიანი დაკარგავს - მძიმე ზამთრის მოლოდინი

გამოქვეყნდა:

ბიზნესი უკვე დიდი ხანია თავის გადარჩენას ცდილობს. ყველანაირი რესურსის ამოწურვის შემდეგ კი მძიმე გადაწყვეტილებების დრო დგება. 

საქართველოში ყველაზე მსხვილი საცალო კომპანიის,  icr-ის დამფუძნებელი, კახა ხაზარაძე შიშობს, რომ მხოლოდ მის ჰოლდინგის საქმიანობის 30%-ით შეკვეცა მოუწევს, შესაბამისად სამსახურს დაკარგავს რამდენიმე ასეული ადამიანი. 

კრიზისის მასშტაბებს კი ვეღარც ოფიციალური სტატისტიკა მალავს. ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის ბოლომდე უმუშევრობის დონე დღევანდელი 12%-იდან 16%-მდე გაიზრდება. შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება დამატებით 70 000-მდე ადამიანი.

კორონაკრიზისს თან დაერთო მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცდომები და უსაფუძვლო თავდაჯერება, რამაც ქვეყანა ეკონომიკური უფსკრულის პირას მიიყვანა. ხელისუფლების შეცდომებზე დღეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.  

ათობით ათასმა მცირე მეწარმემ საქმიანობა უკვე შეწყვიტა, შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩნენ მათი ოჯახები. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ყველაზე მძიმე თვეები ჯერ კიდევ წინ არის და სახლში წასვლა მოუწევთ იმათაც, ვინც დღევანდელ დღემდე მოაღწია. 

ხელისუფლების მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა კი ისედაც კრიზისში მყოფ სარესტორნო ბიზნეს ინდუსტრიას შემოსავლები 80%-ით შეუმცირა. ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი ობიექტი დაიხურება. 

კორონაკრიზისით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მთავრობამ საგარეო კრედიტორებისგან 10 მლდ ლარამდე თანხა ისესხა. 

ბიზნესმენები და ეკონომისტები შიშობენ, რომ საქართველო ეკონომიკური კრიზისის ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა და მომდევნო თვეები კიდევ უფრო რთული იქნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი