4 800 ინფიცირებული ექიმი - მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დღეისთვის საქართველოში 4 800 ინფიცირებული მედიკოსია. კლინიკების დიდი უმრავლესობა საქმიანობის შეჩერების საფრთხის წინაშეა - დაავადებული ექიმებისა და ექთნების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მალე პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში აღარავინ იქნება.

სწორედ ეს კრიზისი არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც კლინიკების ასოციაცია ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს. 

"კლინიკების ასოციაცია, ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით, მიმართვს მთავრობას, განახორციელოს საკადრო ცვლილებები. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჯანდაცვის მინისტრს და გადადგეს თანამდებობიდან", - ამბობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვილი პაჭკორია. 

ექიმები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა მკურნალობისთვის რესურსის სწორად განაწილებაა საჭირო, რათა მძიმე პაციენტები კლინიკებში მოხვდნენ. 

"ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო, 24 საათიანი მეთვალყურეობა და კლინიკაში მოთავსება ვისაც სჭირდება, მაინც ბინაზე მკურნალობს", - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე. 

პაციენტთა სწორ გადანაწილებასა და არსებულ გამოწვევებზე საუბრობს ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელიაც. 

"საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20% იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერცერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება", - თქვა გადელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ზრდადია ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში კორონავირუსი დამატებით 3 443 ადამიანს დაუდასტურდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი