
მთავრობის სხდომა დაიწყო და განსახილველი საკითხებიც დასახელდა. სხდომა პრემიერმა გიორგი გახარიამ გახსნა და თავდაპირველად, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი "უაღრესად მნიშვნელოვანი, ასევე უაღრესად მნიშვნელოვან დროს" იყო და დაემთხვა არჩევნების მეორე ტურის წინადღეებს. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბოიკოტის რეჟიმში გადასულ ოპოციციურ პოლიტიკურ სპექტრს და მოუწუდა მათ, პარლამენტში შევიდნენ.
როგორც შედეგი, ჩვენ შევთანხმდით, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ და ეს უნდა იყოს დაფუძნებული ღირებულებებზე. საუბარი შეეხო ქვეყნის შემდგომ სტაბილურ განვითარებას, ასევე ინსტიტუტების განვითარებას. ვიზიტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანაში ტარდება არჩევნების მეორე ტური და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ხალხის ნებით წარმოდგენილი ყველა პარტია, ყველა დეპუტატი, კარგად იაზრებს იმ პროცესების მნიშვნელობას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, -აღნიშნა სხდომაზე პრემიერმა გახარიამ.
შემდეგ საკითხად მთავრობის წევრები პანდემიის გამო საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებენ. ამ კონტექსტში პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური რეფორმის იმ ნაწილის მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესისთვის დღგ-ს დაბრუნებას ითვალისწინებს. გიორგი გახარიას თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ეს რეფორმა ხელს შეუწყობს საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
იქნება თუ არა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები ან როდიდანაა მოსალოდნელი მათი ამოქმედება, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის კონტექსტში ამ დროისთვს საქართველოს 6 დიდი ქალაქში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს და 22:00-05:00 შუალედში აკრძალულია გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით. ასევე, პირბადის ტარება აუცილებელია როგორც დახურულ, ასევე ღია სივვრცეებში.