მუსიკოს მიხაილო თოდუასთვის შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა. მათი განმარტებით, ღამის საათებში მუსკოსის სახლში არყოფნა არაერთხელ ჩაითვალა საპატიო გარემოებად მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა, 13 და 17ოქტომბერს, ღამის საათებში მიხაილოს მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით სახლის დატოვება, რატომღაც აღარ მიიჩნიეს საპატიო მიზეზად.
"მიხაილოს არასაპატიოდ ჩაეთვალა ისევ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე და პროფესიული მიზეზით, საცხოვრებლის დატოვება და ამის გამო გაუმკაცრდა შინაპატიმრობის რეჟიმი. ჩვენი შეფასებით ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უსამართლოა, არ ეხმიანება რესოციალიზაციის მიზნებსა და ინტერესებს", - თქვა EMC - ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს სასამართლომ მიხაილოს შინაპატიმრობის ვადა 2 საათით გაუხანგრძლივა. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე მიხაილო სახლში 21:00-დან 08:00-მდე იყო, ახლა ის შინაპატიმრობაში 19:00 საათიდან 8 საათამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.