ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამკცრებასთან დაკავშირებით მთავრობას მათთან წინასწარი შეხვედრა არ ჰქონია. მათივე თქმით, ქვეყანაში, ლოქდაუნი ეკონომიკას და ბიზნესს დააზარალებს.
"წინასწარი კომუნიკაცია მთავრობასთან შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვქონია, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ შეზღუდვების შესახებ ვიგებთ ტელევიზიიდან, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება კომუნიკაცია და ვპოულობთ გამოსავალს, რომ ბიზნეს სექტორი არ შეჩერდეს, რაც შეეხება მომავალში მოხდება თუ არა ჩაკეტვა, ჩვენც ჭორის დონეზე ვიცით, რომ გარკვეული შეზღუდვები იქნება, ეკონომიკურ კრიზისში ვართ შესული, როდესაც ეროვნული ბანკი კვირაში ერთხელ ახორციელებს ინტერვენციებს დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობით და არათუ ვხედავთ ლარის გამყარებას, არამედ, კიდევ რაღაც პუქნტებით, კიდევ მატულობს, ამაზე რთული ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლებში ნამდვილად არ გვქონია", – ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.
თავის მხრივ, თბილისში სილამაზის სალონების მფლობელები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია შეწყვეტენ თუ არა მუშაობას ორშაბათიდან. მათი თქმით, სალონებში მომართვინობა შემცირებულია და შემოსავლებიც განახევრებული, მოქალაქეებმა კი ლოქდაუნის შემდეგ შესაძლოა მომსახურების მისაღებად სახლებში იარონ.
შეგახსენებთ, რომ ლოქდაუნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არ არის, ხვალინდელ, 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კი, ორი დღით მოიხსნა გადაადგილებაზე შეზღუდვა.