პირველადი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული პირია შეჭრილი - შსს წერეთლის სპეცოპერაციაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

"პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ბრალდებით,  სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე სპეცოპერაცია დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარება. საყურადღებოა ისიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. უწყებამ მოქალაქეების გამოყვანა ბინებიდან უკვე დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი