თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც ადვოკატები ამბობენ, რომ 23 წლის პროგრამისტი მოკლულია. ახალგაზრდა ქალის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ პრეპარატები, რომლებიც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა, საქმის მასალებში მითითებულ აფთიაქებში ნაყიდი არ არის.
გამოკითხული ფარმაცევტებისა და თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ცნობილი კარდოლაქსის შეძენის ფაქტი არსად ჩანს. ასევე, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, როგორ და საიდან გაჩნდა ავტომობილსა და თამარის პირად ნივთებზე სისხლის კვალი. ადვოკატები მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ ეს კარგად დაგეგმილი განზრახ მკვლელობა იყო.
გამოძიებიდან ოთხი თვის თავზე ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილის საქმის 30 ტომიდან 3 გრიფირებულია. ამ ტომების გაცნობის უფლება ადვოკატებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ. საქმის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ამბობს, რომ დროა, პროკურატურისგან პასუხები მოისმინონ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მაწევნის ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის მუხლებით დაიწყო, ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.