წერეთელზე, MBC-ში შეჭრილ პირს, დაკავების შემდეგ ბრალი დაუმძიმდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისიში" შეჭრილ პირს, რომელიც იქ გახსნილი ხელყუმბარით შეიჭრა და 9 მძევალთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ბრალი დაუმძიმდა და ამჯერად გამოძიება ორი მუხლით ედავება. 

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობის ბრალდებით,  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, შსს-ს განცხადების თანახმად, ლ.ზ.-ს ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლ.ზ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 16:30-ზე შევიდა, როცა შენობაში 11 ადამიანი იმყოფებოდა. მან 2 ადამიანი მალევე გაათავისუფლა, 9 მძევალთან ერთად კი, შენობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, დამნაშავე კი, უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

თავდამსხმელმა Facebook Live-ს საშუალებით საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერა. ლ. ზ. საბანკო სესხებზე პროცენტების დაკლებას, პენსიონერებისთვის წამლების გაიაფებას და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა. "მთავარის" ინფორმაციით, ეს მოთხოვნები უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება.

ნათესავების თქმით, ლ.ზ. დასაქმებული იყო, თუმცა, გარკვეული ფინანსური და საბანკო ვალდებულებები ჰქონდა. 

თავდამსხმელის მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი