თბილისში, წერეთლის გამზირზე მირკოსაფინანსო ორგანიზაციაში უკვე ორ საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ოფისში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფება.
სავარაუდო მძარცველმა, Facebook-ის პირდაპირ ეთერში საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა. ის ითხოვდა, რომ LIVE ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში გაეშვათ.
"ჩემი მოთხოვნა არის ესეთი, ყველა პარლამენტარი ვინც იყო არჩევნებდამდე შეიკრიბოს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ყველანი შეიკრიბონ პარლამენტში და მიიღონ 3 კანონი:
- აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, არ აქვს მნიშვნელობა ინტერნეტ სივრცით იქნება თუ რითი იქნება, ყველანარი.
- ბანკებს მიცეს მარტო უფლება 7% მარტო წლიური, დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია. ვისაც აქვს არსებული სესხები, მთლიან საქართველოს, გადაუტანონ 7%-ში, არ აქვს მნიშვნელობა რა პროცენტში ჰქონდათ.
- წამლები, მოხუცი ხალხი წვალობს... ცოტა შეამცირეთ ამ წამლების ფასი. მიეცით აფთიაქების ქსელს, მაქსიმუმ მიეცეს 10%-ის მოგების უფლება", - ამბობს სავარაუდო თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე სპეცოპერაცია დაახლოებით 2 საათია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარება. საყურადღებოა ისიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. უწყებამ მოქალაქეების გამოყვანა ბინებიდან უკვე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას ადგილზე LIVE რეჟიმით გაშუქების შეწყვეტას სთხოვს. უწყების განმარტებით, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ოფისში მყოფი მძევლებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ბრალდებით, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.