ჯანდაცვის ექსპერტი და "ლელო"-ს წევრი, ვატო სურგულაძე - ქვეყნის ეპიდვითარებაზე საუბრისას - ამბობს, რომ გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა.
"როგორც ვხედავთ, ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ამის მიზეზი არის დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაცია. გარდა ამისა, 112 ვერ უძლებს ამხელა ზეწოლას, უნდა შეიქმნას ცალკე ცენტრი, რომელიც უშუალოდ კოვიდშემთხვევებისთვის იქნება განკუთვნილი. ადამიანს არ უნდა ეშინოდეს, რომ სასწრაფო ვერ მოვა, რომ ისინი ვერ მიიღებენ ინფორმაციას და მკურნალობის გარეშე დარჩებიან", - ამბობს სურგულაძე "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი".
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერეთო რაოდენობამ - 26 თებერვლიდან დღევანდელის ჩათვლით - 100 000-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება ბოლო 24 საათს, დაინფიცირდა რეკორდულად ბევრი - 3 824 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.