საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა და ეს რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 10 0684 -ს აღწევს, საიდანაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 3 824 ადამიანი ინფიცირდა.
თავის მხრივ, ვირუსის დაწყების დღიდან ქვეყანაში ჯამში 927 ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 783 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება კოვიდაქტიური შემთხვევების რაოდენობას, ამ დროისთვის საქართველოში 18 901 ადამიანია ინფიცირებული.
კორონავირუსის აქტიური გავრცელება საქართველოში სექტემბრიდან დაიწყო - თუ აგვისტოს ჩათვლით COVID-19 სულ 1 487 ადამიანს დაუდასტურდა, 30 სექტემბრისთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 6 192-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგიურად კიდევ უფრო მძიმე ქვეყნისთვის ოქტომბერი აღმოჩნდა - მთელი თვის განმავლობაში ვირუსი 32 296 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა ოქტომბერში დღიური ინფიცირების რიცხვი 2 000-ზე მეტი არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით ნოემბერზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თვე სრულად არაა გასული, 1-დან 21 ნოემბრის, ანუ დღევანდელი დღის ჩათვლით, ჯამში 59 957 ადამიანი ინფიცირდა.
შეგახსენებთ, უშუალოდ COVID-19-თან ბრძოლის გარდა, ქვეყანაში დაგვიანდა სეზონური გრიპის ვაქცინის დროულად და საჭირო რაოდენობით შემოტანაც, შესაბამისად, მოსახლეობაზე დისტრიბუციაც - ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში ვაქცინის საჭირო რაოდენობას შემოიტანდენენ, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან მას. დაპირებული 250 000 ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 25 000 შემოიტანეს, რაც რისკ-ჯგუფებისთვისაც კი არასაკმარისია.
რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მსოფლიო ამ მხრივ დამაიმედებელ ახალ ამბებს გვაწვდის - Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, Moderna-ს ვაქცინა კი თითქმის 95%-ით. თუმცა ასე დამაიმედებლად არ გამოიყურება საქართველოს ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ნავარაუდებია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს.
თავის მხრივ, კორონავირუსი გამოწვევაა არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ ტურიზმისა და, მათ შორის, ეკონომიკისთვისაც. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წელზე უფრო ადრე ვერ დაუბრუნდება.