გადატვირთულ საავადმყოფოებსა და იმ პრობლემებზე, რომლებსაც ეპიდვითარების ფონზე ექიმები აწყდებიან, თავად ექიმები საუბრობენ. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე ამბობს რომ პრობლემები სამედიცინო სფეროს ყველა მიმართულებით არის, დაწყებული 112-დან, დამთავრებული ჰოსპიტალებით.
ანი ქავთარაძე ამბობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, რომლებიც ისედაც ვერ აუდიან გამოძახებებს და ხშირად დაგვიანებით მიდიან მისამართებზე, თავად უწევთ თავისუფალი საავადმყოფოების მოძიება იმისთვის რომ მძიმე პაციენტები გადაიყვანონ. მისივე თქმით, დიდია დატვირთვა ოჯახის ექიმებზეც.
ქავთარაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა იჩქაროს ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადატვირთული საავადმყოფოები განიტვირთოს.
ქავთარაძე ამბობს, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, დავით მრელაშვილის ბინაზე მართვის სიტემა, რომელიც გურჯაანში წარმატებით მუშაობს, საჭიროა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდეს.
ძალიან ეფექტურად შეიძლება იმუშაოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ექიმების დეფიციტზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრობლემებზე და იმ პაციენტებზე, რომლებიც ბინაზე არიან დარჩენილები უყურადღებოდ, თუნდაც უსიმპტომო პაციენტები - ამბობს ანი ქავთარაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ამ საკითხზე შეხვედრაც იყო, თუმცა ეს იყო "შეხვედრა შეხვედრისთვის" და რეალურად ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს არ გადაუდგამს.
რაც შეეხება თვითმკურნალობას, ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატების მიღებისაგან და ამბობს, რომ აფთიაქებში სისხლის გამათხელებელი პრეპარატების დეფიციტია, რისი მიღებაც თვითნებურად, კატეგორიულად არ შეიძლება