როგორ "იწრთობოდა" მაიდანი - 7 წლის წინ კიევში გამოსვლები დაიწყო

გამოქვეყნდა:

7 წლის წინ, 2013 წლის 21 ნოემბერს კიევში, მაიდანზე პირველად გამოვიდნენ გაბრაზებული მოქალაქეები, ძირითადად, ახალგაზრდები. მათი პროტესტის მიზეზი "გადამგდები" იანუკოვიჩის ხელისუფლება გახდა, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე და ამით ადრე დადებული პირობა დაარღვია. 

პირველ დღეებში მაიდანზე შეკრებილთა პროტესტი პერფორმანსს წაგავდა: "იანუკოვიჩ, მოაწერე ხელი", "ჩვენ ევროკავშირისკენ ვართ", სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და ხელში შესაბამისი შინაარსის პლაკატები და ბანერები, ტრანსპარანტები ეჭირათ. 

ერთი კვირის განმავლობაში აქციაზე არ გაჟღერებულა არც პრეზიდენტ იანუკოვიჩის, არც პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნა, მაგრამ პროტესტის დაწყებიდან ერთმა კვირამ ნათლად დაანახა ყველას, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება არ აპირებდა, ყურად ეღო ხალხის ხმა. 

 

 

 

 

 

 

 

22-23 ნოემბერს ევრომაიდანი გაჩნდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში. თავდაპირველად პროტესტის სათავეში სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ და პოლიტიკოსთა მცდელობას, ჩაეგდოთ ხელში აქციების მაღთვის სადავეები, სკეპტიკურად უყურებდნენ. სწორედ 22-23 ნოემბერს უკავშირდება სასამართლოს დადგენილებები აქციების არასანქცირებულად გამოცხადებაზე, პირველი ძალადობა პოლიციის მხრიდან და აქციის მონაწილეთა დაშლა, ჟურნალისტები დათხოვნა სამსახურიდან იმის გამო, რომ ევრომაიდანზე სიმართლეს ავრცელებდნენ - ქვეყანაში ცენზურა ძალას იკრებდა. 

საბოლოოდ, შეიძლება ჩამოითვალოს რამდენიმე მიზეზი, რაც კიევში და ზოგადად, უკრაინაში, მაიდნის გამოსვლებისა და მზარდი პროტესტის საფუძველი გახდა:

"გადამგდები" ხელისუფლება, უარი ევროკავშირს და მოტყუებული ხალხი,

პოლიციის მხრიდან გამოვლენილი უკანონობა, რომელიც თანდათან ყველა ზღვარს სცდებოდა, 

იანუკოვიჩისა და მისი ოჯახის მიერ ხელისუფლების უზურპაცია, 

ცენზურა და ტოტალური კორუფცია,

რეპრესიები ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ.

24 ნოემბერს მაიდანზე უკვე 100.000-ზე მეტი გაბრაზებული მოქალაქე იდგა. ევროპის მოედანმა მიტინგზე დასწრებისა და ქუჩაში დგომის მსურველები ვეღარ დაიტია. კიევში ჩამოდიოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირისკენ და მაიდანს მხარდაჭერას უცხადებდნენ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

27 ნოემბერს იანუკოვიჩი ვილნიუსში გაფრინდა, სადაც საბოლოოდ დაასამარა ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერა. როცა კიევში, ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე ჟურნალისტები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკოსრკის შეხვდნენ, მან სევდიანად თქვა: "თქვენმა პრეზიდენტმა რუსეთი აირჩია". 

სტუდენტებმა, ევრომაიდნის მონაწილეებმა, პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი სთხოვდნენ სახელმწიფოს მეთაურს, გადაეფიქრებინა უარი ასოცირებაზე. ადმინისტრაციის უფროსმა სტუდენტებს პირობა მისცა, რომ პრეზიდენტი წერილს წაიკითხავდა და საჯაროდ გასცემდა მას პასუხს.

პასუხმაც არ დააყოვნა: იანუკოვიჩის ბრძანებით, 29 ნოემბერს კიევში მთელი დღის განმავლობაში შემოჰყავდათ დამატებითი საპოლიციო ძალები. როცა იანუკოვიჩი უკრაინის დედაქალაქში ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე დაბრუნდა, მაიდანმა რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო: იანუკოვიჩი და მისი მთავრობა, ყველანი უნდა გადამდგარიყვნენ... 

 

 

 

 

 

 

სწორედ ამის შემდეგ, 30 ნოემბერს, ზუსტად 04:00-ზე დაიწყო სტუდენტური ევრომაიდნის პირველი სასტიკი დარბევა. სპეცრაზმელები სცემდნენ ქალებსაც და იმ თითოოროლა ხანდაზმულსაც, ვინც მაიდანზე ახალგაზრდებთან ერთად იდგა. შემზარავმა კადრებმა მსოფლიო მოიარა. 

მეორე დღეს კიევში "ღირსების რევოლუცია" დაიწყო. 

30 ნოემბერს მიხაილოვის მოედანზე, კიევში, 100.000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მაიდანმა თავდაცვითი რგოლების შექმნა დაიწყო, სადაც 4.000-დე ადამიანი მოხალისედ ჩაეწერა. მაიდნის მონაწილეები იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვდნენ.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით მეტი ოლიგარქი და ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელი აქცევდა ზურგს ხალხისგან მოძულებულ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა რეგიონალური ფრაქციები, რომელთა ჩამოშლა სულ ცოტა ხნის წინ ბევრს წარმოადგენლად ეჩვენებოდა.

პარალელურად, იანუკოვიჩის და მისი რეჟიმიც არ აპირებდა არაფრის დათმობას და ძალაუფლებას ჯიუტად ებღაუჭებოდა. იანუკოვიჩმა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო - ის საკუთარი ხალხის ნების სისხლში ჩახშობაზე წავიდა, რამაც მას საბოლოოდ დიქტატორის, უზურპატორისა და მოღალატის სახელი დაუმკვიდრა ქვეყნის ისტორიაში.

იანუკოვიჩმა მაიდნის წინააღმდეგ აამოქმედა ყველაფერი: გავეშებული სპეცრაზმი, რომლებიც არბევდნენ, კრიმინალები და ე.წ. "ტიტუშკები" (ტერმინის განმარტება – უკრაინაში „ტიტუშკების“ მეტსახელით მოიხსენიებენ სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი მიტინგებისა და დემონსტრაციების დასაშლელად იყენებს. ტერმინინ თანამედროვე უკრაინული ენისა და სლენგის ონლაინლექსიკონშიცაა შეტანილი და ის რეალურად არსებულ პიროვნებას ვადიმ ტიტუშკოს უკავშირდება, - რედ.) ,რომლებიც წვავდნენ ავტომანქანებს და იტაცებდნენ აქტივისტებს, მაგრამ თავის მხრივ, ევრომაიდნები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრებდა ძალას, შეიქმნა ავტომაიდნებიც, ხოლო ყოველ კვირას მაიდანზე სახალხო ვეჩე, იგივე სახალხო კრება იმართებოდა.

1-დან 8 დეკემბრამდე კიევის ქუჩებში გამოსული იყო 500-დან 800 ათასამდე მოქალაქე. ევროპის მოედანი აუღებელ ციხესიმაგრეს დაემსგავსა: თავადაცვითი რაზმების წევრები ეზიდებოდნენ ქვიშით სავსე ტომრებსა და საბურავებს, აგებდნენ ბარიერებს. დროდადრო ხალხის დაშლას ცდილობდა "ბერკუტი" - მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი, მაგრამ რაც მეტად იყენებდნენ ისინი ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მით უფრო მეტი მოქალაქე გამოდიოდა ქუჩაში. 

მაიდნის პოლიტიკური შეფასებები ისმოდა საქართველოშიც, თუმცა, მოქმედი, იანუკოვიჩის ხელისუფლების მხარდასაჭაერად. მაგალითად, კახა კალაძე, რომელსაც უკრაინასთან საფეხბურთო კარიერის ნაწილი აკავშირებდა, ამბობდა, რომ "პროტესტი არ სცდება გრუშევსკის ქუჩას". ამ დროს კი, უკვე 1 დეკემბერს აქციის მონაწილეებმა დაიკავეს პროფკავშირების შენობა, უკრაინის სახლი. 8 დეკემბერს კიევში ლენინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც სხვა ქალაქებშიც იგივე პროცესი მოჰყვა - უკრაინაში "ლენინცვენა" დაიწყო. 

სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთნენ მაიდნის სახეები: სერგეი ნიგოიანი ერთერთი პირველი იყო, ვინც ევრომაიდანზე დაიღუპა. აქ იყვნენ ვოლონტერები, მედიკოსები სპეციალური ჩაცმულობით, თავდაცვითი რაზმების წევრები, ანდრეი პარუბი, თავდაცვის მეთაური, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წინააღმდეგობის გაწევაში, ასევე რუსლანა ლიჟიჩკო, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში ადიოდა სცენაზე და მღეროდა უკრაინის ჰიმნს, მიხეილ გავრილიუკი, რომელიც ღირსეულად იტანდა ძალოვანთა მხრიდან საჯარო დამცირებას გრუშევსკის ქუჩაზე და ჟურნალისტები, რომლებსაც სცემდნენ ბერკუტელები და ე.წ. ტიტუშკები, მაგრამ ისინი ისევ აგრძელებდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. 

1 დეკემბერს ძალოვნები ევვრომაიდნიდან განდევნეს. 4 დეკემბერს აქციაზე გამოსულთა ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ, ბანკოვაიას ქუჩისკენ დაიძრა, სადაც ახალი შეტაკება მოხდა სპეცრაზმთან. სასტიკად სცემეს ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები. ძალოვნებმა ბარიკადების აღმართვა დაიწყეს სამტავრობო კვარტალში, რათა ევრომაიდნის გაფართოება შეეჩერებინათ, მაგრამ ამაოდ. 

8 დეკემბერს ევრომაიდანზე მორიგი ვეჩე გაიმართა, სადაც 800.000 ადამიანამდე იყო შეკრებილი. 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელისუფლებამ თავისი მომხრეები დარაზმა მთელი ქვეყნიდან და სახელისუფლო მიტინგის ჩატარება სცადა. ამ გზით მათ 200.000-დე ადამიანს მოუყარეს თავი. საღამოს ევროპის მოედანი უკვე დაცარიელდა - ხელისუფლების მომხრეებს არ ჰქონდათ მოტივაცია, ადგილზე დარჩენილიყვნენ. გაჩნდა ავტომაიდნები, ხელისუფლების ფსონი იმაზე, რომ ხალხს შესცივდებოდა და დაიშლებოდა, არ აღმოჩნდა სწორად გათვლილი - ავტომაიდნის მონაწილეები ბლოკირებას უკეთებდნენ ძალოვანთა ავტობუსებს. ევრომაიდნის ლიდერები დადიან შეხვედრებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში, მაგრამ უშედეგოდ. 

17 დეკემბერს კრემლში იანუკოვიჩი და პუტინი საიდუმლო მოლაპარაკებას მართავენ. კრემლი იანუკოვიჩს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, ამავე დროს, გაზს უაიაფებს და სამმილიარდიან კრედიტსაც აძლევს. მაგრამ მაიდანზე უკვე სასწრაფოდ ითხოვენ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, არავის სურს კიდევ ორი წელი აიტანოს იანუკოვიჩის მმართველობა. ავტომაიდანი მეჟიგორიეში, პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეზიდენციასთან მიდის და სამასი მეტრის დაშორებით ჩერდება.

მაიდნის თავდაცვა "ბერკუტელებს" ალყაში აქცევს და აიძულებს მათ, მოიხსნან ნიღბები. ნაწილი ემორჩილება ხალხის მოთხოვნას და სირცხვილის დერეფანს გადის. ამ დროისთვის უკვე მოკლულია გატაცებული აქტივისტი იური ვერბიცკი, ანდერი ლუცენკო ძლივს გადაურჩა სიკვდილს. სასტიკადაა ნაცემი ტატიანა ჩერნოვოლი. სხვადასხვა ქალაქში, ჯამში 20-დე აქტივისტია დაზიანებული. 11 იანვარს მორიგი შეტაკება მოხდა.

16 იანვარს რადაში შეკრებილმა, აგრესიულად მორჩილმა დეპუტატებმა ხელის აწევით, ხმების დათვლის გარეშე მიიღე რამდენიმე კანონი, რაც ძალოვნებს მაიდნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა, ხოლო აქტივისტების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, რეპრესიებს აკანონებდა.

ასევე, დასჯადი გახდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე ინფორმაციის შეგროვება. მიღებული კანონები საზოგადოებამ აღიქვა, როგორც დიქტატურის გამოვლინება, ამიტომ 19 იანვარს გრუშევსკიზე მაიდანმა შეტევა დაიწყო. ამ შეტევამ ცხადი გახადა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება უსისხლოდ წასვლას არ აპირებდა. 

22 იანვარს სამი ევრომაიდნელი მოკლეს. ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: აშშ-მა სანქცეიბი დაუწესა კიევს, ევრომაიდნელებმა აიღეს ენერგეტიკის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს, რადგან ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრებოდა. იანვრის ბოლოს პრემიერი აზაროვი გადადგა, რადამ დიქტატორული კანონები გააუქმა და ამნისტია გამოაცხადა.

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელი იყო საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა, მაგრამ 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის მოთხოვნა სასაკლაოში გადაიზარდა.

19 თებერვალი მაიდნის თავდაცვითი რაზმებისთვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდა: ძალოვნები სცენიდან 300 მეტრში შეაჩერეს. დაღუპულთა რიცხვი 26-დე გაიზარდა, მათგან 10 - ძალოვანი იყო. 

მოგვიანებით, იანუკოვიჩმა ძალოვნებს საბრძოლო ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღი დაურიგა. თავდაცვის მინისტრმა კიევში დნეპროპეტროვსკიდან სადესანტო-მოიერიშე რაზმების კიევში გადასროლა სცადა, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ბრალდებით. შეტაკებები სისხლიან ტრაგედიაში გადაიზარდა, მსხვერპლთა რიცხვმა 75-ს მიაღწია. 

ოპოზიციის ლიდერებმა იანუკოვიჩთან, ევროკავშირის წარმომადგენელთა შუამდგომლობით, მიაღწიეს შეთანხმებას 2014 წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, თუმცა, ევრომაიდანს ეს პირობები უკვე არ აკმაყოფილებს.

იმის მიუხედევად, რომ შს მინისტრი ზახარჩენკო გადააყენეს, 100.000-დე ადამიანი, რომლებიც დაღუპულებს იქვე გამოეთხოვნენ, პარასიუკის მეშვეობით ულტიმატუმს აყენებს: იანუკოვიჩის უპირობო გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო კვარტალზე შტურმი. 

იანუკოვიჩი ხარკოვში გარბის და იქ სეპარატისტთა მობილიზებას ცდილობს, მაგრამ კიევში ხელისუფლება უკვე ოპოზიციის ხელშია. იანუკოვიჩი გარბის ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შემდეგ კი რუსეთში. პარლამენტი ირჩევს ახალ სპიკერს და თანამდებობიდან უშვებს გენპროკურორს.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა აცხადებს, რომ ხალხის ერთგული დარჩება და მასთან ერთად დადგება. იანუკოვიჩი თვალთახედვიდან ქრება.

დიქტატურა დამხობილია.

სამთვიანი ბრძოლა რეჟიმთან, ხალხის გამარჯვებით სრულდება.

თებერვლის შუა რიცხვებში უკრაინაში ახალი მთავრობა ფორმირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი