ჯანდაცვის სისტემურ ხარვეზებზე და იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, უკვე ღიად საუბრობენ თავად ექიმები.
ინგა მამუჩიშვილი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ კორონავირუსიან პაციენტებს უკვე თავად ინფიცირებული ექიმები მკურნალობენ.
უამრავი კორონავირუსით ინფიცირებული კოლეგა გვყავს. უმეტესობა მუშაობენ იმიტომ რომ მეტი გამოსავალი არ არის. ვინ მოუვლის ამ პაციენტებს - თვითონ კოვიდით დაავადებულებთან მუშაობენ...
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს ჩვენი კოლეგები. აღარ გვაქვს, ხელი თვალი, ყური. უამრავი ადამიანი ვერ იტესტება, ვერ მოდის 112-ის ბრიგადა, ეს ადამიანები სახლიდან ვერ გადიან, ეს ადამიანები რომ გადათვალო, ალბათ გამოცხადებულ რიცხვზე 3-ჯერ მეტია - ამბობს ექიმი.
ის მოუწოდებს ყველას, ვინც უკვე გამოჯანმრთელებულად ითვლება და მისი დგომარეობა საშიში აღარ არის, გაეწერონ საავადმყოფოებიდან და ადგილები დაუთმონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება:
უკვე ვეღარ ვმართავთ, ადგილები ნამდვილად არ გვაქვს და რიგებს ელოდებიან. მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ მსუბუქი პაციენტები, უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომელთა მართვა ბინაზე შეიძლება, იმის გამო რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ვიღაცის ახლობელია, ვიღაცის ნაცნობია, ვიღაცა თავის კაპრიზს ისრულებს, არსებობს პროტოკოლი კლინიკიდან გაწერის და დროულად გაეწერონ ესეთი პაციენტები, რომ ადგილები იყოს. ისინი პოტენციურად მკვლელები ხდებიან იმ ადამიანების, რომლებიც მართლა საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობას - ამბობს ინგა მამუჩიშვილი "მთავართან" საუბარში
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება.
ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი.