ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ათასობით იზრდება. ამოწურულია საწოლების რაოდენობა და მოქალაქეებს 112-თან დაკავშირებაც კი უჭირთ.
ინფექციონისტები ამბობენ, რომ კოვიდსტატისტიკა ზუსტი არ არის და ქვეყანაში გაცილებით მეტი ადამიანი ატარებს ვირუსს; მათი აზრით, ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, ყოველდღიურად 10 000-საც კი აღწევდეს.
"არანაირი თავშეყრა, მისვლა-მოსვლა. ოჯახის წევრებიც კი უნდა მოერიდონ ერთმანეთს, საშინელ მდგომარეობაში ვართ. 1 ადგილიც კი აღარ გვაქვს. მძიმე სიტუაცია მათ შორის განაპირობა მოქალაქეების უპასუხისმგებლობამ. სტატისტიკაც არაა ზუსტი, 5 000 ახალი ინფიცირებული მაინც იქნება ახლა", - ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ არ გამკაცრდა წერტილოვანი შეზღუდვები, ეპიდვითარება მეტად დამძიმდება.
"ჯერ პიკი არ დამდგარა ქვეყანაში. დღეში საშუალოდ 10 000 ადამიანს ტესტავენ და აქედან 4 000-ს უდასტურდება ვირუსი. 40% დადებითი იცით რას ნიშნავს? რომ რეალურად დაინფიცირებული 3-4-ჯერ მეტია", - ამბობს ეპიდემიოლოგი, გიორგი კავკასიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 2 157 ადამიანი თბილისიდანაა.