
დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვას - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ადვოკატებმა უკვე მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით. უფლებათადამცველები ამბობენ, რომ მას სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობაზე ბევრი ინფორმაცია აქვს, რამდენადაც 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
"სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ იყო ჩართული დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. ის სადავო პერიოდის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო და ექვემდებარებოდა კომისია. როგორც მასალებიდან ირკვევა, ბევრი საკითხი სწორედ ზურაბიშვილთან თანხმდებოდა", - ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
ადვოკატები თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გამოკითხვასაც ელოდებიან.
"საქმე პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილს, რადგან ინტერვიუებში პირდაპირ ამბობს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა მასალების მოსაპოვებლად. საზოგადოებასთვის მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, როდესაც საუბარია ქვეყნის ღალატზე", - თქვა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
საქმეში სალობე ზურაბიშვილის ერთერთ ფიგურანტობაზე ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძეც საუბრობს.
"სწორედ მისი მინისტრობის დროს მუშაობდა ივერი კომისიაში, ამდენად, ზურაბიშვილის გარკვეული ინფორმაცია ექნება. მისმა გამოკითხვამ, შესაძლოა, საქმეს მეტი ნათელი მოჰფინოს", - ამბობს სულაძე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა
ავტორი: ნინო ღვედაშვილი