ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის თქმით, დაწყებულია მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების შესახებ, თუმცა, ამ ეტაპზე, დამატებით რაიმე შეზღუდვა არ დაწესებულა. მისი თქმით, მსჯელობა სხვადასხვა სფეროს ბიზნეს წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.
"დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც მედია საშუალებებით, ისე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს გუშინაც, დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოქდაუნების შესახებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არაა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალში მობილობის შესამცირებლად დამატებითი შეზღუდვები შესაძლოა გადაადგილებას, გადაადგილების დროის შემცირებას შეეხოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.