დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 24 ნოემბერს ინფიცირების შედარებით დაბალმა, 3 128 ახალმა შემთხვევამ არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით.
"ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინწინ ჩვენ PCR და ანტიგენის ტესტი ერთად აღებული გვქონდა სადღაც 7-8 ათასის ფარგლებში, როცა კვირის სხვა დღეებში გვაქვს 12-13 ათასი. ამიტომ, ეს რაოდენობა, 3 128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს, იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ ეს არ ვიცით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება და თუ შეზღუდვები არ გამკაცრდა პირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. გამყრელიძის თქმით, აუციელებელია აღსრულება გამკაცრდეს და მომავალში ახალი შეზღუდვებიც დააწესონ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.