ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება. ლიდერებმა "ლელოს" ოფისში კიდევ ერთი კონსულტაცია გამართეს და ისევ აღნიშნეს, რომ გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებშია.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრობლემა "ქართულ ოცნებას" აქვს და ნაბიჯი მან უნდა გადადგას.
"ქართული ოცნების მთელი ტვირთი ახლა არის, რომ ქართულმა ოცნებამ რეალურად რაღაცა შესთავაზოს ოპოზიციას, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას გამოსავალი კრიზისიდან. იმიტომ, რომ აქამდე მსგავსი ნაბიჯი არ ყოფილა. პრობლემა მათ აქვთ, ისინი არიან ხელისულფებაში, ყველა მიმართულებით კრიზისში, ჩვენ ვართ მართლები, ჩამოყალიბებულია, რომ გაყალბებულია არჩევნები, შესაბამისად, მთელი ტვირთია ქართულ ოცნებაზე, რომ გადადგან ნაბიჯი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება სწორად შეაფასებს მოცემულობას - ახლა საჭიროა შეთანხმება, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა.
"მესამე რაუნდზე უნდა მოვახერხოთ გარღვევა. მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, აქ ყველა უნდა მიხვდეს იმას, რომ შეთანხმება სჭირდება ქართულ ოცნებსაც და არა მხოლოდ ოპოზიციას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
"ქართული ოცნებიდან" დღეს ოპოზიციას გივი მიქანაძემ უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ საუბარი ყველაფერზე შეიძლება იყოს, მაგრამ არა რიგგარეშე არჩევნებზე.
"ჩვენი სრული მზაობა და მოლოდინია მესამე რაუნდის და იმედს გამოვთქვათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხირდან იქნება კონსტრუქციული ჩართულობა", - თქვა მან.
ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარეობს.