პროკურატურა დაკავებული კარტოგრაფებისთვის, ნატალია ილიჩოვასთვის და ივერი მელაშვილისთვის წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადადებას ითხოვს. ამ შუამდგომლობით მან სასამართლოს უკვე მიმართა. ადვოკატების თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად აბსურდულია "კარტოგრაფების" საქმე. თავის მხრივ, ისინი სასამართლოს დაკავებულების თავდებით გამოშვების მოთხოვნით მიმართავენ.
"პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რომ გადაიწიოს წინასასამართლო სხდომის ვადა, დაახლოებით 2 თვით. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სასამართლო დაარწმუნოს გამამტყუნებელ განაჩენში, ჩვენ ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიების შეთავაზებას ვფიქრობთ, რაც ამ ეტაპზე ყველაზე გონივრული იქნება", - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, რომ პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.
"საზოგადოების ყურადღება ამ საქმეს წნეხში აქცევს ხოლმე, რაც ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება იყოს პროკურატურის ინტერესი, რადგან საქმეში დასაბუთებული მტკიცებულებები არ არსებობს", - ამბობს გიორგი მახარაძე.
წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და გადადებს თუ არა მას 2 თვით.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.