საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კომისიამ ონლაინ ტრანსლირებისთვის დასახმარებლად საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა.
მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალურს, ასევე აჭარის მაუწყებელს იმისათვის, რომ დაგვითმონ საეთერო დრო, რათა ამ ფორმატში გაიმართოს კომისიის შეხვედრა და დისკუსია საზოგადეობასთან " განაცხადა ირაკლი კობახიძემ
საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში ოპოზიციაც არის, თუმცა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ ბოიკოტი მხოლოდ დღეს, ერთჯერადად შეწყვიტეს და კომისიის შექმნის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.
ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს და მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ეს არის. მათი თქმით, დიპლომატების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმების ერთ ერთი მთავარი ნაწილი, სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნილების გათავისუფლებაა.
მმართველი გუნდი კი ასეთ პირობებს უარყოფს და ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
დღეს ერთჯერადად ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება შევსულიყავით სხდომაზე, იმისთვის რომ დაგვეფიქსირებინა მხარდაჭერა კომისიის შექმნაზე. ჩვენი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ახლა ველით რომ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს" განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ამ შეთანხმების ჩვენ ნაწილს ვასრულებთ. მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას და ველოდებით რომ ამ შეთანხმების მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება შესრულებული ხელისუფლების მხრიდან. - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
ცვლილებებს მხარს უჭერს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. ჩუგოშვილი ოპოზიციის წევრების მგავსად, კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთვება და მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას
საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია მომდევნო 1 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს. ამის შემდეგ, კანონპროექტი 17 აპრილამდე პარლამენტში დაბრუნდება და პირველი მოსმენით კენჭისყრაზე სავარაუდოდ 28 აპრილს გავა.